აშშ-ში, მდინარე დელავერზე, სატვირთო გემი ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის შტატების დამაკავშირებელ ტაკონი-პალმირას ხიდს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ინციდენტი 12 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:15 საათზე მოხდა.

სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი, დაახლოებით 180 მეტრის სიგრძის სატვირთო გემი „Strategic Alliance“ ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა შეზღუდეს.

შემთხვევამ ფილადელფიისა და ნიუ-ჯერსის დამაკავშირებელ გზაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო შეფერხებები გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა ერთი ზოლი დროებით დაკეტილი დარჩა.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და ხიდის შესაძლო დაზიანების მასშტაბები შესაბამისი სამსახურების შესწავლის საგანია.