ამ ქალს გალინა ბეხტერი ჰქვია. ის 68 წლის უკრაინელი პენსიონერია ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ პლოდოროდნოედან, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
რუსმა სამხედროებმა გალინა 2025 წლის ივლისში, პირდაპირ საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. 2026 წლის მარტში კი საოკუპაციო სასამართლომ მას „სახელმწიფო ღალატისთვის“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რა ჩაიდინა ასეთი საშინელი ამ ხანდაზმულმა ქალმა?
გამოძიების ვერსიით, მან უკრაინის არმიის მხარდასაჭერად დაახლოებით 1 240 რუსული რუბლის, ანუ დაახლოებით 39 ლარის ეკვივალენტი თანხა გადარიცხა.
მაგრამ რუსეთის პროკურატურისთვის ეს სასჯელიც არასაკმარისი აღმოჩნდა. პროკურორებმა განაჩენის გამკაცრება მოითხოვეს და პატიმრობის ვადის 12 წლამდე და 6 თვემდე გაზრდას მიაღწიეს.
ახლა კი ვნახოთ, რა დაემართა გალინას პატიმრობის პერიოდში.
ჯერ კიდევ განაჩენის გამოტანამდე მას დემენციის სიმპტომები გამოუვლინდა. ქალმა ნორმალურად კვება შეწყვიტა, თანდათან დაკარგა საკუთარი თავის მოვლის უნარი და ვეღარ ხვდებოდა, როგორ უნდა ესარგებლა საშხაპით.
საკნის სხვა პატიმრები მას კოვზით აჭმევდნენ, დაბანაში ეხმარებოდნენ და ტანსაცმელს ურეცხავდნენ. მათი თქმით, გალინა იმდენად დასუსტდა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც თითქმის აღარ შეეძლო.
9 ნოემბერს ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს ვოლოგდის ციხის საავადმყოფოში. ის პრაქტიკულად აღარ ჭამდა.
ადვოკატმა, რომელმაც გალინა მოინახულა, მისი მდგომარეობა შემზარავი სიტყვებით აღწერა: „ტყავგადაკრული ჩონჩხი“.
დიაგნოზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ექიმებმა მას გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ.
ყველაზე მძიმე კი იმის გაცნობიერებაა, რომ თვითმხილველთა თქმით, დაპატიმრებამდე ქალს დემენციის მსგავსი ნიშნები არ აღენიშნებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად სწორედ რუსეთის ციხის სისტემაში გაუარესდა.
2026 წლის იანვარში, როდესაც გალინა უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა, მისი მეუღლე გარდაიცვალა, მას უკვე ნორმალურად ჭამაც აღარ შეუძლია. საკუთარ თავსაც ვეღარ უვლის. მაგრამ რუსეთის პროკურატურას ესეც არ ეყო - ის კიდევ უფრო ხანგრძლივ პატიმრობას მოითხოვდა.
გალინა ერთადერთი არ არის: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხანდაზმულ ადამიანებს უკრაინის არმიისთვის თანხის გადარიცხვის გამო ათწლეულობით პატიმრობას უსჯიან.