რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი.

შემთხვევა 12 ნოემბერს, გვიან საღამოს, მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, ალტაის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი კვამლით დაიფარა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა შენობიდან 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის ხუთი ბავშვია.

სამწუხაროდ, დედისა და მისი ორი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამართალდამცველები და ექსპერტები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.

ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.