მხატვარი გოშა ფეისბუქზე რუსულ ტექსტს აქვეყნებს, სადაც აღწერს, რატომ მიაჩნია უხარისხოდ რუსთაველის რეაბილიტაციის ფარგლებში ტროტუარზე ფილების დაგება. მის ანალიზს კომენტარის გარეშე გთავაზობთ:
"დღეს კიდევ ერთხელ გავიარე თბილისის ცენტრში, სარემონტო სამუშაოების გამო გადათხრილ რუსთაველის გამზირზე. ამჯერად არა სავალ ნაწილს, არამედ ახალ ტროტუარებს დავაკვირდი.
იმის თქმა, რომ იქ ახლა ხელმრუდე იდიოტები სრულ კატასტროფას ქმნიან, არაფრის თქმაა.
გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ჩემი ბოლო დაკვირვებებიდან გასული 12 წლის განმავლობაში ტროტუარის ფილების დაგების ტექნოლოგიაში რაღაც მაინც შეიცვლებოდა. მაგრამ არა.
ისევ ჩაქუჩებით დაამტვრიეს ძველი ფილები, ოდნავ მოფხიკეს საფუძველი, ზედ 6-8 სანტიმეტრი სისქის ბეტონისა და ღორღის ფენა დაასხეს და პირდაპირ მასზე აწყობენ უზარმაზარ ფილებს, რომელთა ზომა 40×80 სანტიმეტრია, სისქე კი მხოლოდ 4 სანტიმეტრი.
სულ ესაა.
რა მოუვა ამ ყველაფერს სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, ძნელი გამოსაცნობი არ არის.
ჩემი მოსაზრებების შესამოწმებლად სამუშაო პროცესის ფოტო ხელოვნურ ინტელექტს, Gemini-ს მივაწოდე და ვთხოვე, შეეფასებინა, რას აკეთებდნენ.
აი, რა მიპასუხა:
რატომ დაიშლება ასეთი ტროტუარი
Gemini-ს შეფასებით, 80×40 სანტიმეტრის ზომისა და მხოლოდ 4 სანტიმეტრის სისქის ფილა განკუთვნილია შედარებით მცირე დატვირთვის მქონე ბილიკებისთვის და არა ცენტრალური გამზირისთვის, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი გადაადგილდება.
ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე სავარაუდო პრობლემა გამოყო.
1. ფილების გატეხვა პირველივე კვირებში
ფილის სიგრძისა და სისქის შეფარდება 20:1-ია. თუ მის ქვეშ მცირე სიცარიელე წარმოიქმნება, ფილა დატვირთვისას შეიძლება შუაზე ან დიაგონალურად გაიბზაროს.
Gemini-ს პროგნოზით, ასეთი დაზიანებები შესაძლოა უკვე პირველ 2-4 კვირაში გამოჩნდეს, განსაკუთრებით დასუფთავების ტექნიკის გადაადგილებისას.
2. ფილების მორყევა 1-2 თვეში
ბეტონის ხსნარის გაშრობისა და შეკუმშვის შედეგად შესაძლოა ფილასა და საფუძველს შორის კავშირი შესუსტდეს.
ამის შემდეგ ფილები დაიწყებს მოძრაობას - ერთ კიდეზე ფეხის დადგმისას მეორე კიდე აიწევა.
3. კუთხეების ჩამოტეხვა
მორყეული ფილები ერთმანეთს მიედება, რის შედეგადაც მათი კიდეები და კუთხეები დაზიანდება. დროთა განმავლობაში ტროტუარი შესაძლოა უსწორმასწორო და ფეხით მოსიარულეებისთვის სახიფათო გახდეს.
4. ყინვის შედეგად დაზიანება
ფილებს შორის გაჩენილ ნაპრალებში წყალი შეაღწევს. გაყინვისას მისი მოცულობა გაიზრდება და საფარის დაზიანების რისკიც მოიმატებს.
Gemini-ს შეფასებით, ასეთი სამუშაო ან კონტრაქტორის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს, ან ბიუჯეტის ფორმალურ ათვისებაზე.
როგორ უნდა გაკეთდეს ტროტუარი სწორად?
ამის შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე, როგორ უნდა მოეწყოს ტროტუარი მაღალი დატვირთვის მქონე ცენტრალურ გამზირზე.
მისი პასუხით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ფილების სისქე.
ინტენსიური ქვეითი მოძრაობის ზონებისთვის მან მინიმუმ 6-სანტიმეტრიანი ფილები დაასახელა, ხოლო ცენტრალური გამზირებისთვის, სადაც კომუნალური ტექნიკაც გადაადგილდება, 8-სანტიმეტრიანი ფილები მიიჩნია ოპტიმალურად.
იმ ადგილებში კი, სადაც ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალებები შედიან, შესაძლოა 10-სანტიმეტრიანი ფილებიც იყოს საჭირო.
ასევე, დიდი ზომის ფილებთან შედარებით, მცირე ფორმატის ქვაფენილი ნაკლებად მოწყვლადია ლოკალური დატვირთვის მიმართ.
თუმცა მთავარი მხოლოდ ფილა არ არის.
ტროტუარის გამძლეობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რა არის მის ქვეშ.
Gemini-მ აღწერა მოწყობის შემდეგი ტექნოლოგია:
-
გრუნტის ამოღება დაახლოებით 35-45 სანტიმეტრის სიღრმეზე და საფუძვლის დატკეპნა;
-
წყლის გადინებისთვის შესაბამისი დახრის უზრუნველყოფა;
-
გეოტექსტილის დაგება;
-
დაახლოებით 15-20 სანტიმეტრი სისქის ღორღის ფენის მოწყობა და დატკეპნა;
-
წვრილი ღორღის დამატება და საფუძვლის ხელახალი დატკეპნა;
-
ბორდიურების საიმედოდ დამაგრება;
-
3-5 სანტიმეტრი სისქის სამონტაჟო ფენის მოწყობა;
-
ფილების დაგება შესაბამისი დაშორებებით;
-
ნაკერების შევსება და საბოლოო ვიბროდატკეპნა.
ხელოვნურმა ინტელექტმა განმიმარტა, რომ თითოეული ფენის სწორად მოწყობა და დატკეპნა აუცილებელია, რათა მომავალში ტროტუარი არ ჩაიზნიქოს, არ გაჩნდეს ტალღები და გუბეები.
და რას ვხედავთ რუსთაველზე?
ადრე ვხუმრობდი, ადგილობრივ ხელისუფლებას სობიანინმა უკბინა-მეთქი და ამიტომ დაიწყეს ფილების დაგება ასეთი მონდომებით.
მაგრამ, თურმე, ტროტუარის ქვეშ თითქმის ნახევარმეტრიანი საფუძველი უნდა მომზადდეს! 20 სანტიმეტრი ღორღი, წვრილი ქვის ფენა, ქვიშა, თითოეული ფენის ვიბროდატკეპნა...
და არა ის, რომ მუშებმა რეზინის ჩაქუჩებით აკაკუნონ და ყველაფერი ასე, თვალის ზომით გააკეთონ.
მაგრამ ამ იდიოტებს, ეტყობა, ინტერნეტი არ გაუყვანიათ. Google-ში დაბლოკილები არიან. რა ხელოვნური ინტელექტი, რა სამშენებლო ნორმები და სტანდარტები!
ასეც წავა!
ხოლო როდესაც რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ დაიშლება, ისევ გაკვირვებულები იკითხავენ - ეს როგორ მოხდა?
სამაგიეროდ, მთვრალები ყველა მღერიან, როგორ უყვართ თბილისი.
სრული კატასტროფაა", - წერს მხატვარი გოშა ფეისბუქზე.