იემენში, ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტთან, ორი რაკეტა ჩამოვარდა იმ დროს, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი აფრენისთვის ემზადებოდა. მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა.
Associated Press - ის ინფორმაციით, შემთხვევა 16 ოქტომბერს, პარასკევს, ღამით მოხდა. თვითმფრინავი ადენიდან ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში უნდა გაფრენილიყო.
იემენის ხელისუფლების ცნობით, რაკეტები თვითმფრინავიდან დაახლოებით 500 მეტრში, ხოლო ასაფრენი ბილიკის შუა ნაწილიდან 100 მეტრში ჩამოვარდა.
მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოდ გაყვანა მოხერხდა. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
იემენის ხელისუფლება თავდასხმაში ჰუსიტებს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე აეროპორტის მახლობლად მდებარე საუდის არაბეთის სამხედრო ძალების სამეთაურო ცენტრი და იარაღის საწყობი იყო.
იემენის ტრანსპორტის სამინისტრომ მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ სამოქალაქო აეროპორტზე მსგავსი თავდასხმა მგზავრების სიცოცხლესა და ავიაციის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ეს ადენის აეროპორტზე ბოლო ათ დღეში განხორციელებული მეორე სარაკეტო თავდასხმაა. შემთხვევა ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირების გამწვავების ფონზე მოხდა.