რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი ამბობს, რომ სერგეი ლავროვის მოადგილეს „მალე შეხვდება“.

„ნამდვილად მალე მექნება [შეხვედრა]. როგორც კი მექნება ინფორმაცია, შეგატყობინებთ აუცილებლად. ყველაფერს მოგახსენებთ. ჟენევის ფორმატი არ ჩანაცვლდება, დარჩება ისეთი, როგორიც არის“, - თქვა მან მედიასთან კომენტარში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ზურაბაშვილს მოლაპარაკებებში რუსეთიდან ლავროვის პირველი მოადგილე შეხვდება.

რუსული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ზურაბაშვილთან კონტაქტი უკვე დამყარებულია და განსაზღვრულია მისი კოლეგა – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გალუზნი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მონაწილეები „პრაქტიკულ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას – ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო კავშირებისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე.“