ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, დელი-მუმბაის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და დაახლოებით 4,5 მეტრის სიღრმის თხრილში ჩავარდა. დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავდა 17.
შემთხვევა 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათისთვის, ქალაქ კოტასთან მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსით მომლოცველები ქალაქ ბჰოპალიდან რაჯასტანში მდებარე ცნობილ ხატუ შიამის ტაძარში მიემგზავრებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მძღოლს საჭესთან ჩასძინებოდა, თუმცა ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მაშველები მივიდნენ. სამაშველო ოპერაცია თხრილში დაგროვებულმა წყალმა და ტალახმა გაართულა. დაზიანებული ავტომობილის ამოსაყვანად მძიმე ტექნიკა გამოიყენეს.
დაშავებულები კოტას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე მათგანს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
რაჯასტანის შტატის მთავარმა მინისტრმა ბჰაჯან ლალ შარმამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და შესაბამის სამსახურებს დაშავებულებისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა დაავალა.