მექსიკაში, სინალოას შტატის ქალაქ მასატლანში მდებარე „ელ-კასტილიოს“ ციხეში პატიმრებს შორის დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, კიდევ 16 პატიმარი კი დაშავდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ცხრა პატიმარი და ერთი ბავშვი, რომელიც ციხეში ოჯახის წევრთან შესახვედრად იყო მისული.
ინციდენტის შემდეგ ციხის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები მობილიზდნენ. ადგილზე მივიდნენ სამხედროები, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაწესებულებაში ვითარებაზე კონტროლი აღდგენილია.
ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაპირისპირება პატიმრებს შორის დაიწყო. ოფიციალურმა პირებმა უარყვეს გავრცელებული ცნობები, თითქოს ციხის ტერიტორიაზე გარედან შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ხოლო მომხდარის შემდეგ პატიმრებთან ვიზიტები დროებით შეჩერდა.
სინალოას შტატი მექსიკაში ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რეგიონად ითვლება. თუმცა, ციხეში მომხდარი დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი და შესაძლო კავშირი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან ჯერ დადგენილი არ არის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველები ადგენენ, რამ გამოიწვია დაპირისპირება და როგორ აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ ციხეში ვიზიტით მისული ბავშვი.