კანადის ქალაქ კალგარიში ორი სამგზავრო ავტობუსისა და რამდენიმე ავტომობილის მონაწილეობით მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა.
შემთხვევა 15 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:10 საათზე, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, მოძრავი ავტობუსი თავდაპირველად რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი მეორე სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა. მეორე ავტობუსი ბუნებრივ აირზე მუშაობდა. შეჯახებისას გაზის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა.
ავარიას მეორე ავტობუსში მყოფი სამი მგზავრი ემსხვერპლა. დაშავებულთა შორის პოლიციის თანამშრომელიცაა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დახმარების აღმოჩენას ცდილობდა.
ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები, მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
პოლიცია იძიებს ავარიის გამომწვევ მიზეზებს. ამ ეტაპზე დაუდგენელია, რა როლი შეასრულა შესაძლო გადაჭარბებულმა სიჩქარემ, მძღოლის ყურადღების გაფანტვამ ან სხვა გარემოებებმა.