ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 3 წლის გოგონა ემსხვერპლა. კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა 11 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:30 საათზე, ქალაქის ფეირჰილის რაიონში, D Street - ზე მდებარე სახლში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ცეცხლისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლში მყოფმა ადამიანებმა შენობის დატოვება ვერ შეძლეს.
მეზობლების დახმარებით, 24 წლის ქალმა და მისმა 5 წლის ვაჟმა მეორე სართულის ფანჯრიდან თავის დაღწევა მოახერხეს. სახლში დარჩენილი 22 წლის ქალი და მისი 3 წლის შვილი კი მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს.
მიუხედავად ექიმების მცდელობისა, მცირეწლოვანი გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი დედა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება კიდევ ორ ადამიანს დასჭირდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხანძარი სახლის ზედა სართულზე მოთავსებულ ელექტროველოსიპედის ლითიუმ - იონურ აკუმულატორს უკავშირდებოდა.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში კვამლის დეტექტორები არ იყო დამონტაჟებული.
მეხანძრეებმა ცეცხლის კონტროლქვეშ მოქცევა დაახლოებით 45 წუთში შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები დამატებით გარემოებებს სწავლობენ.