შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონის დარტყმის შედეგად სატვირთო გემი „Khoryv“ ჩაიძირა. შემთხვევას ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, სამი დაკარგულად ითვლება, ცხრა კი მაშველებმა გადაარჩინეს.

ინციდენტი 23 ოქტომბერს, კონსტანცის პორტიდან დაახლოებით 13 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. კომორის კუნძულების დროშით მცურავ გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, მათგან 10 უკრაინის, ხოლო სამი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო.

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ გემს დრონი დაეჯახა და მომხდარი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ესკალაციას დაუკავშირა. 

რუმინეთის საზღვაო ხელისუფლების ინფორმაციით, გემმა განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე გადასცა. ადგილზე სამაშველო ხომალდები გაიგზავნა, თუმცა ძლიერმა ქარმა და უამინდობამ სამაშველო ოპერაცია გაართულა.

დაკარგული სამი მეზღვაურის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ცუდი ხილვადობისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერტმფრენის გამოყენება ვერ მოხერხდა. 

ბოლო კვირებში შავი ზღვის რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან კომერციულ გემებზე რამდენიმე თავდასხმა დაფიქსირდა, რამაც რეგიონში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გაზარდა.