ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში საცხოვრებლის გაძვირებისა და ცხოვრების მაღალი ხარჯების წინააღმდეგ გამართული საყოველთაო გაფიცვის შემდეგ ვითარება დაიძაბა. დემონსტრანტების ნაწილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
არეულობა 11 ნოემბრის საღამოს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, მასობრივი საპროტესტო მსვლელობის დასრულების შემდეგ დაიწყო.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ნიღბიანმა პირებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, ქუჩებში ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.
პოლიციამ ვითარების გასაკონტროლებლად სპეციალური დანაყოფები გამოიყვანა და დემონსტრანტების დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
12 ნოემბერს გავრცელებული განახლებული მონაცემებით, ბარსელონაში 52 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. დაშავდა 36 სამართალდამცველი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, არეულობის დროს დაზიანდა რამდენიმე სავაჭრო ობიექტი და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი საპროტესტო მსვლელობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ბარსელონის მუნიციპალური პოლიციის მონაცემებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 55 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების შეფასებით კი მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.
ესპანეთში საყოველთაო გაფიცვის მთავარი მიზეზი საცხოვრებლის მაღალი ფასები, გაძვირებული ქირა და ცხოვრების ხარჯების ზრდა გახდა.
გაფიცვის შედეგად შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და სხვადასხვა მომსახურება.
კატალონიის ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობრივ ინციდენტებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენისთვის შესაბამისი ღონისძიებები გაგრძელდება.