ესპანეთში, ბარსელონის მახლობლად, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა 25 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 16:43 საათზე, ფოგარს-დე-მონკლუსის მუნიციპალიტეტში, BV-5114 საავტომობილო გზაზე მოხდა.
კატალონიის საგანგებო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა, 18-ს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, ხოლო 58 მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები, მეხანძრეები და სამაშველო ვერტმფრენები. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
26 ოქტომბერს სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებდნენ. სპეციალური ამწის დახმარებით ავტობუსის ამოყვანა იგეგმებოდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზები გამოძიების საგანია.