ესპანეთის კატალონიის რეგიონში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, დაზიანდა გზები და შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა. მაშველებმა სტიქიის ზონებიდან 45 ადამიანი გამოიყვანეს. მათი უმეტესობა დატბორილ ავტომობილებში იყო ჩარჩენილი.
განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა კატალონიის სამხრეთ ნაწილსა და ბარსელონის მიმდებარე ტერიტორიებზე. 7 ოქტომბერს საგანგებო სამსახურებმა რამდენიმე საათში 285 გამოძახება მიიღეს, დახმარების ცხელ ხაზზე კი 690 შეტყობინება შევიდა.
ძლიერი წვიმის გამო შეფერხდა მატარებლების მოძრაობა, დაახლოებით 5 300 მომხმარებელი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რამდენიმე სკოლამ სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა.
სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი კემპინგის ტერიტორიაზე კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა, მეორე კი დატბორილ ავტოფარეხში იპოვეს. სამედიცინო დახმარება 24 ადამიანს დასჭირდა, ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
8 ოქტომბრის მონაცემებით, ესპანეთის წითელმა ჯვარმა უკვე 4 250 ადამიანს გაუწია დახმარება, 340 ადამიანი კი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა თანდათან შესუსტდება, თუმცა კატალონიის ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმის საფრთხე კვლავ რჩება.