უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატელიტური სისტემის, Starshield-ის მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება თეთრი სახლიდან მოდიოდა. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ მიიღო მითითება, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილი SpaceX-ის სატელიტური სერვისის მუშაობა შეეზღუდათ.
შეზღუდვამ უკრაინული სამხედრო დრონების მუშაობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. სწრაფად მოძრავ ობიექტებზე დამონტაჟებულმა მიმღებებმა კავშირი დაკარგეს, რის გამოც შეფერხდა როგორც სამხედრო ოპერაციები, ისე რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონების წინააღმდეგ მოქმედება.
უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, მოგვიანებით სისტემის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა მოძრავ ობიექტებზე მისი გამოყენება მხოლოდ 160 კმ/სთ-მდე სიჩქარით გახდა შესაძლებელი.
Reuters-ის წყაროების განცხადებით, შეზღუდვის გადაწყვეტილება თეთრ სახლში მიიღეს, თუმცა კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება, უცნობია. ამასთან, აშშ-ის მაღალჩინოსანმა უარყო, რომ მსგავსი მითითება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განმარტა, რომ Starshield აშშ-ის მთავრობის კონტროლს ექვემდებარება და მისი გამოყენების შეზღუდვებზე გადაწყვეტილებას ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა ან პრეზიდენტი იღებს.
ეს მოვლენები ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ვითარდება. Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისგან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს.
Starshield-ის შეზღუდვამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად არის უკრაინის სამხედრო კომუნიკაციები დამოკიდებული ამერიკულ ტექნოლოგიებზე.