საქართველოს სამართალდამცველებმა აჭარაში ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც გერმანიის მოთხოვნით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ. ორივე მათგანზე ინტერპოლის წითელი ცირკულარი იყო გამოცემული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვადასხვა მძიმე დანაშაული, მათ შორის გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანის გატაცება, გაუპატიურება და ჯანმრთელობის დაზიანება.
გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ორივე პირი საქართველოში მანამდე შემოვიდა, ვიდრე გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები მათზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებდნენ.
ამ დროისთვის დაკავებულების მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ გადაწყდება მათი გერმანიისთვის გადაცემის საკითხი.