ესპანეთის ექვს რეგიონში ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო მეტეოროლოგიური გაფრთხილებები გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით ინტენსიური ნალექია მოსალოდნელი კატალონიაში, სადაც ზოგიერთ რაიონში 12 საათის განმავლობაში კვადრატულ მეტრზე 80 ლიტრამდე წვიმა შეიძლება მოვიდეს.

ასეთი რაოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ქუჩების დატბორვა, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება და დაბლობ ტერიტორიებზე წყლის დაგროვება.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს, AEMET-ის მონაცემებით, ყვითელი გაფრთხილება მოქმედებს ანდალუსიაში, მურსიაში, ვალენსიის რეგიონში, კატალონიაში, ბალეარისა და კანარის კუნძულებზე, ასევე ქალაქ სეუტაში.

ბარსელონასა და ტარაგონაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი. ალიკანტესა და მურსიის ცალკეულ რაიონებში კი 12 საათში 60 ლიტრამდე ნალექია პროგნოზირებული.

კანარის კუნძულებზე მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი და ზოგიერთ ტერიტორიაზე სეტყვაც.

მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ყვითელი გაფრთხილება საფრთხის შედარებით დაბალ დონეს ნიშნავს, თუმცა ადგილობრივად ძლიერმა წვიმამ შესაძლოა პრობლემები შექმნას.