ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების წესის შეცვლას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. პრაღასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
პროტესტის მონაწილეები მთავრობის ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას და მათი რესურსების დაახლოებით 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
დემონსტრანტების შეფასებით, ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის და ხელისუფლებას მედიაზე პოლიტიკური გავლენის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.
საპროტესტო მოძრაობას ერთდღიანი გაფიცვით შეუერთდნენ ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებიც.
პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს. ხელისუფლების განცხადებით, რეფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებაა და ცვლილებები მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობას არ შეეხება.
კანონპროექტმა პარლამენტში პირველი მოსმენა უკვე გაიარა. საზოგადოების ნაწილი მის მიღებას კვლავ ეწინააღმდეგება.