ფინეთმა, ნორვეგიამ, ჩეხეთმა, ლატვიამ, დანიამ და შვედეთმა განაცხადეს, რომ 2027 წლის ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ არ იასპარეზებენ. გერმანიაში აღნიშნეს, რომ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნის შესახებ მათთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, "ვითარებას ძირეულად ცვლის".

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) 30 ოქტომბერს დაადგინა, რომ ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) ყველა ასაკობრივი კატეგორიის რუსულ ნაკრებებს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის ნება უნდა დართოს, მათ შორის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის გამართვაც მაისში, გერმანიაშია დაგეგმილი. IIHF-ში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, თუმცა მას დაემორჩილებიან.

გერმანიის ყინულის ჰოკეის ფედერაციის (DEB) ხელმძღვანელმა ფრანკ ჰ. ლუცმა აღნიშნა, რომ ისინი ჰოკეის საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან.

"ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის ეროვნული ნაკრებების დაბრუნებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. [...] რუსეთის მონაწილეობის დაშვებას ჩვენთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც პოლიტიკურად და ეკონომიკურად, მძიმე შედეგები მოჰყვება". - განაცხადა ლუცმა.

2 ნოემბერს დაიწყო IIHF-ის აღმასრულებელი ორგანოს ორდღიანი შეხვედრა, რომლის მთავარი განსახილველი საკითხიც აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებაა.

ფინეთმა, ნორვეგიამ, ჩეხეთმა, ლატვიამ, დანიამ და შვედეთმა უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ 2027 წლის ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებენ. ავსტრიამ აღნიშნა, რომ მათთან შეერთებას განიხილავს. აშშ-ს ჰოკეის ფედერაციას EURONEWS-ის კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

ფინეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მანამ არ ითამაშებს, სანამ ეს ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს არ დაასრულებს.

ფედერაციის თავმჯდომარემ, ჰეიკი ჰიეტანენმა განაცხადა, რომ ფინეთი მაქსიმალურად ბევრ ქვეყანასთან კოორდინაციაზე მუშაობს, რათა IIHF-ს ერთიანი პოზიცია წარუდგინონ და აცნობონ, რომ შექმნილ ვითარებაში არცერთი მათგანი არ ითამაშებს რუსეთის წინააღმდეგ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა აღნიშნა, რომ "თუ რუსეთი აგრესიულ ომს გააგრძელებს, მომავალ წელს რუსი სპორტსმენების ფინეთში შემოსვლა მიუღებელი იქნება".

"ევროკავშირელ კოლეგებს ვაცნობებ, რომ განზრახული გვაქვს, რუს სპორტსმენებს მთელ შენგენის ზონაში გადაადგილება შევუზღუდოთ". - განაცხადა ვალტონენმა.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუბომირ მეტნარმა აღნიშნა, რომ CAS-ის გადაწყვეტილება ჩეხეთს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას არ ავალდებულებს, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების აკრძალვის შესახებ განკარგულება კვლავ ძალაში რჩება.

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ კი განაცხადა, რომ რუსეთს ასპარეზობის უფლება არ მიეცემა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც დეკემბრის ბოლოდან ალბერტაში უნდა გაიმართოს.

CAS-ის გადაწყვეტილება არ ვრცელდება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ კვირაში დანიაში იწყება და რუსეთის გარეშე ჩატარდება.

ტურნირის ორმა სპონსორმა განაცხადა, რომ რუსეთის ასპარეზობის შემთხვევაში კონტრაქტს გაწყვეტს.

ევროკომისიამ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ მართალია, სპორტულ ფედერაციებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ შეჯიბრებების ორგანიზების წესი, მაგრამ "როგორც ფედერაციები, ისე წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან ევროკავშირის სანქციები და შემზღუდველი ზომები".

"სპორტი პროპაგანდის იარაღად არ უნდა იქცეს, ხოლო უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობის ნორმალიზება ის საკითხი არ არის, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ". - განაცხადა ევროპული კომისიის პრესსპიკერმა ევა ჰრნჩიროვამ.

ჰრნჩიროვამ აღნიშნა, რომ კომისია ასევე ეწინააღმდეგება ევროპულ სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთის ჰიმნის, სიმბოლიკისა და დროშების გამოყენებას.