საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდები 24:19 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა.
შეხვედრა 10 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 19:7 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა გაზარდეს, თუმცა ნიდერლანდების ნაკრებმა ორი ლელოს დადება მოახერხა და სხვაობა შეამცირა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრებიდან ლელოები საბა მერებაშვილმა, ლუკა ჭაკუამ, გიორგი ბერძენიშვილმა და მათე ბერუაშვილმა დადეს. ჭაკუამ ორი გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში მასპინძელი ჩეხეთი 38:24 დაამარცხა.
ფინალური შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება.