უკრაინის მესამე არმიის კორპუსის მეთაურის, ანდრიი ბილეცკის განცხადებით, ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ეტაპის ფარგლებში უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს.

ბილეცკის ინფორმაციით, უკრაინულმა სამხედროებმა ნოვე, რიდკოდუბი და კატერინივკა გაათავისუფლეს, ხოლო კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე კონტროლი აღადგინეს.

მისივე განცხადებით, ოპერაციის მესამე ეტაპზე უკრაინულმა ძალებმა 51 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს. ოპერაციის დაწყებიდან კი უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნებული ტერიტორიის საერთო ფართობმა 176 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია.

ბილეცკის ცნობით, ოპერაციის მიმდინარეობისას რუსულმა ძალებმა დაახლოებით 2 000 სამხედრო დაკარგეს, ხოლო 250-ზე მეტი სამხედრო ტყვედ ჩავარდა.

მესამე არმიის კორპუსის მეთაურის განცხადებით, ოპერაციის მესამე ეტაპის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დასახლება ნოვე იყო, რომელსაც რუსეთის ძალები ფრონტის ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იყენებდნენ.

ბილეცკის თქმით, რუსული მხარე ვარაუდობდა, რომ უკრაინული ძალების მთავარი შეტევა შანდრიჰოლოვე-ზელენა დოლინას მიმართულებით განხორციელდებოდა და საკუთარი რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მონაკვეთზე მიმართა. მისი განცხადებით, უკრაინული ძალების ძირითადი ოპერაცია კი ნოვეს მიმართულებით განხორციელდა.

ბილეცკის ინფორმაციით, რუსეთის გამაგრებული თავდაცვითი პოზიციების გასარღვევად უკრაინულმა სამხედროებმა საბჭოთა წარმოების BTR-60-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებიც გამოიყენეს, რომლებიც უპილოტო კამიკაძე სისტემებად იყო გადაკეთებული. მისი თქმით, მათი გამოყენებით რუსული ძალების რამდენიმე გამაგრებული პოზიცია განადგურდა.