პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ახალი პროექტის შესახებ განაცხადა. 41 წლის ვარსკვლავი სატელევიზიო ინდუსტრიაში ერთვება და საკუთარ პირველ სერიალზე მუშაობას იწყებს.
სერიალს „Day 1s“ ერქმევა. რონალდუმ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ პროექტის წარმოება უკვე დაწყებულია.
ახალ პროექტზე ფეხბურთელი ცნობილ ბრიტანელ რეჟისორსა და პროდიუსერთან, მეთიუ ვონთან ერთად მუშაობს, რომელმაც პოპულარული ფილმების, მათ შორის „Kingsman“-ის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
სერიალი პროფესიული ფეხბურთის კულისებს მიღმა მიმდინარე მოვლენებს შეეხება. სიუჟეტის ცენტრში ფეხბურთელთა გავლენიანი აგენტი სტენლი დალტონი იქნება, რომლის როლსაც მსახიობი დემიან ლუისი შეასრულებს.
პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ტიერი ანრი და ბრიტანელი რეპერი დეივი. გავრცელებული ინფორმაციით, თავად რონალდუც გამოჩნდება სერიალში და აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციას შეასრულებს.
პროექტს კომპანია UR MARV ქმნის, რომელიც რონალდუმ და მეთიუ ვონმა 2025 წელს დააფუძნეს.
მიუხედავად ახალი საქმიანობისა, პორტუგალიელი ვარსკვლავი საკლუბო ფეხბურთში კარიერას აგრძელებს და საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ თამაშობს.
სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი და პლატფორმა, რომელზეც მისი ნახვა იქნება შესაძლებელი, ჯერჯერობით უცნობია.