ფორმულა 1-ის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ავსტრალიელი მრბოლელი ალან ჯონსი 5 ნოემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ოჯახის განცხადებით, ჯონსი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სპორტსმენმა 80 წლის იუბილე გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე აღნიშნა.
ალან ჯონსმა მსოფლიო ჩემპიონობა 1980 წელს, Williams-ის გუნდთან ერთად მოიპოვა. ის გახდა მეორე ავსტრალიელი მრბოლელი ჯეკ ბრებემის შემდეგ, რომელმაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.
მისი კარიერა 1975 წელს დაიწყო. პირველი გამარჯვება 1977 წელს, ავსტრიის გრან-პრიზე მოიპოვა, ხოლო 1980 წლის სეზონში ხუთი რბოლა მოიგო და Williams-ს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
კარიერის განმავლობაში ჯონსმა ფორმულა 1-ში 12 გრან-პრი მოიგო. მისი ბოლო გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე 1986 წელს შედგა.
ავსტრალიელი მრბოლელის გარდაცვალებას Formula 1 და Williams გამოეხმაურნენ. გუნდმა ჯონსს თავისი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა უწოდა.
ალან ჯონსი დღემდე რჩება ბოლო ავსტრალიელ მრბოლელად, რომელმაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.