შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი წესების კონსტიტუციაში განსაზღვრას მხარი არ დაუჭირა. წინასწარი პროგნოზებით, ინიციატივას ამომრჩეველთა დაახლოებით 29% უჭერს მხარს, ხოლო 71% წინააღმდეგია.
ინიციატივა ითვალისწინებდა შვეიცარიის კონსტიტუციაში „მუდმივი და შეიარაღებული ნეიტრალიტეტის“ პრინციპის უფრო მკაფიოდ განსაზღვრას. მისი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას სამხედრო ან თავდაცვით ალიანსებში გაწევრიანება შეეზღუდებოდა და მნიშვნელოვნად შემცირდებოდა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დაეწესებინა სანქციები ომში ჩართული სახელმწიფოებისთვის.
ინიციატივის ერთ ერთი მთავარი მხარდამჭერი ასოციაცია „Pro Schweiz“ იყო, რომელიც მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიასთან“, SVP სთან არის დაკავშირებული. ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შვეიცარიამ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებით ტრადიციული ნეიტრალიტეტისგან გადაუხვია.
წინადადების მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევდნენ, რომ ნეიტრალიტეტის ასეთი მკაცრი განსაზღვრა შვეიცარიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მოქნილობას შეზღუდავდა. ინიციატივას ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და ძირითადი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა არ უჭერდა მხარს, გამონაკლისი იყო SVP.
შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ ერთი ძირითადი პრინციპია. მისი საერთაშორისო აღიარება 1815 წლიდან იღებს სათავეს, ხოლო თანამედროვე შვეიცარიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ ნეიტრალიტეტის პრაქტიკული ინტერპრეტაცია სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ადაპტირდებოდა.