აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ჰეივარდში, Tesla Semi-ს ელექტროსატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალი საათობით გადაიკეტა.
შემთხვევა 27 ოქტომბერს, საღამოს, Interstate 880-ზე მოხდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთოს ლითიუმ-იონურ აკუმულატორს მოედო.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და კალიფორნიის საგზაო პატრულის თანამშრომლები. უსაფრთხოების მიზნით, ავტომაგისტრალზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეწყდა.
ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობა იმავე საღამოს აღდგა, თუმცა სამხრეთის მიმართულებით შეზღუდვები უფრო დიდხანს გაგრძელდა.
ელექტროსატვირთოს აკუმულატორის ხანძრის ჩაქრობა რთული აღმოჩნდა. სპეციალისტების თავდაპირველი შეფასებით, პროცესს შესაძლოა 15 - 18 საათი დასჭირვებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.