თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევისა და მასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აკვირდება.
აშშ-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია განვითარებული მოვლენების შესახებ და შესაძლო რეაგირების ვარიანტებს აფასებს.
საქმე ეხება რუსეთის ირკუტსკის რეგიონში მდებარე შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლის კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის, დარია შიპილოვას გარდაცვალებას.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 სექტემბერს სამუშაო პროცესში შიპილოვას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელშიც ფილტვის ჭირის გამომწვევი ბაქტერია იყო მოთავსებული. რამდენიმე დღის შემდეგ მას მძიმე პნევმონიის ნიშნები განუვითარდა.
29 სექტემბერს ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო 1-2 ოქტომბრის ღამეს ის გარდაიცვალა.
შემთხვევის შემდეგ ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან შესაძლო კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს. მათგან 189 სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი საკარანტინო და პროფილაქტიკური ზომებიც ამოქმედდა.
თუმცა რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური შავი ჭირით ინფიცირების ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებს.
უწყების განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ ირკუტსკის კვლევითი ინსტიტუტი შეამოწმა და პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მუშაობის დროს საგანგებო შემთხვევა არ გამოვლენილა.
ოფიციალური ვერსიით, გარდაცვლილ ქალს „დაუდგენელი წარმოშობის პნევმონია“ ჰქონდა, ხოლო ჩატარებულმა გაფართოებულმა კვლევებმა მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები ვერ აღმოაჩინა.
რუსეთის შესაბამისი უწყება ასევე აცხადებს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია და მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებში შავი ჭირისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოვლენილა.
ამავე დროს, მომხდარის შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ და არაოფიციალურ ვერსიებს შორის განსხვავებები კვლავ კითხვებს აჩენს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, გარდაცვალება შესაძლოა ლაბორატორიაში პათოგენთან კონტაქტს უკავშირდებოდეს, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის.