აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ ფეირფილდში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის საქმეზე 17 წლის მოზარდი დააკავეს. თავდასხმას 31 წლის ორსული ქალი ემსხვერპლა, ექვსი ადამიანი კი დაშავდა.
შემთხვევა 30 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:30 საათზე, სავაჭრო ცენტრ Solano Town Center-ში მდებარე Spirit Halloween-ის მაღაზიაში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს სავარაუდოდ კონკრეტული პირი ჰყავდა მიზანში ამოღებული, თუმცა სროლის შედეგად სხვა ადამიანებიც დაზარალდნენ.
დაღუპულია 31 წლის კონსტანს ჰეიჯესი, რომელიც ოთხი შვილის დედა იყო და მეხუთე შვილს ელოდებოდა.
დაშავებულებიდან ოთხი საავადმყოფოში რჩებოდა. მათ შორის 19 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა.
ეჭვმიტანილი 2 ნოემბერს, ქალაქ სუისუნ-სიტიში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით შეძლეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მოზარდი 2025 წელსაც ფიგურირებდა სროლასთან დაკავშირებულ სხვა საქმეში და გარკვეული პერიოდი არასრულწლოვანთა დაკავების დაწესებულებაში გაატარა.
17 წლის მოზარდს მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. პროკურატურა დამატებითი ბრალდების საკითხსაც განიხილავს, რადგან გარდაცვლილი ქალი ორსულად იყო.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.