კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა 7 ოქტომბერს, ქალაქ პეტალუმაში, ადგილობრივი აეროპორტის სიახლოვეს მოხდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯერ ძრავის უჩვეულო ხმა გაიგონეს, შემდეგ კი დაინახეს, როგორ შეიცვალა თვითმფრინავმა მიმართულება. მათი ვარაუდით, პილოტი აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა.
თვითმფრინავი გოლფის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს, თუმცა ბორტზე მყოფი ორი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობილია, რომ თვითმფრინავი ერთძრავიანი, ორკაციანი Van’s RV-7A იყო. დაღუპულთა ვინაობა თავდაპირველად არ გასაჯაროებულა.
რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს აშშ-ის საავიაციო უწყებები იძიებენ.