თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პოლიციამ მარკეტის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეიჭრა და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.