ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილების ჩამოყვანა დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 75 104 ლარი ჩაარიცხვინა.
გამოძიების თანახმად, მოქალაქეებმა თანხა ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს, თუმცა ავტომობილები ვერ მიიღეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და მიღებული თანხა სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ქალაქ გორში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.