ქვემო ქართლსა და იმერეთში ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები რამდენჯერმე საკონტროლოდ შეიძინა. პროცესი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერით მიმდინარეობდა.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მარიხუანა და ფული, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად იყო მიღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.