შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, რომელიც, უწყების ცნობით, სარეალიზაციოდ იყო გამზადებული და 24 შეკვრად დაფასოებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.