რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კომპანიას 3 784 ლარის ზარალი მიადგა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თანმხლებ არასრულწლოვანთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის სწრაფი ჩარიცხვის აპარატით საკუთარ ანგარიშებზე თანხა ჩარიცხა. ამის შემდეგ მათ აპარატი დააზიანეს და მასში არსებული ფული უკანონოდ მიითვისეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი მამაკაცი დააკავეს. რაც შეეხება არასრულწლოვანს, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.