შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაცია დღეს, 8 ოქტომბერს, გავრცელდა.
უწყების ცნობით, დაკავების ოპერაციები სხვადასხვა დროს აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში ჩატარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ამოღებულ ნივთიერებებს შორის, შსს-ს ინფორმაციით, არის „მეთადონი“, „მეფედრონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 182 აბი.
სამივე პირი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით არის დაკავებული.
გამოძიების შესახებ დამატებითი დეტალები, მათ შორის დაკავებულთა ვინაობა, გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული.