თბილისის მცხეთასთან, ლილოსთან და რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი დასრულდა - რა არის ცნობილი
თბილისსა და მის შემოგარენში მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ინტერესის გამოხატვის (EOI) ეტაპი ოფიციალურად დასრულდა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განაცხადების მიღების საბოლოო ვადა 2026 წლის 5 აგვისტოს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2026 წლის 11 ივნისი იყო განსაზღვრული. მოგვიანებით ვადა ჯერ 13 ივლისამდე, შემდეგ 20 ივლისამდე, 27 ივლისამდე და საბოლოოდ აგვისტოს დასაწყისამდე გახანგრძლივდა.

ამჟამად პროექტი მიღებული განაცხადების შეფასებისა და ე.წ. „შორთლისტის“ - მოკლე სიის -შედგენის ეტაპზეა.

ADB-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება და სამუშაოების დაწყება 2026 წლის 30 დეკემბრიდან იგეგმება. მომსახურების შესრულების ვადა 8 თვეა, ხოლო შესყიდვის ბიუჯეტი 393 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკმა გამოაცხადა და პროექტი ორგანიზაციის საკრედიტო რესურსით ხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ეროვნულ სარკინიგზო ქსელსა და თბილისის ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებს შორის მულტიმოდალური კავშირის გაუმჯობესება. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მგზავრთა მობილობის გაზრდას, თბილისის შემოგარენში რეგიონული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მდგრადი ურბანული და სატრანსპორტო განვითარების ხელშეწყობას.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს თბილისის აგლომერაციაში სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები. კვლევა მოიცავს რუსთავის, მცხეთის, ლილოს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების, მარნეულისა და ფონიჭალის მიმართულებებს.

პროექტი ძირითადად არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ითვალისწინებს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა განიხილონ ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც.

ტექნიკურ დავალებაში ერთ-ერთ შესაძლო მაგალითად დასახელებულია აეროპორტიდან რუსთავის მიმართულებით ახალი სარკინიგზო მონაკვეთის განვითარება.

საბოლოოდ, კვლევამ უნდა განსაზღვროს, რამდენად ტექნიკურად და ეკონომიკურად მიზანშეწონილია City Train-ის განვითარება, რომელი მარშრუტები იქნება ოპტიმალური და რა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახდება საჭირო პროექტის განსახორციელებლად.