რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, ეკატერინბურგის მახლობლად, სატვირთო მატარებლის 20 ვაგონი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც შვიდ სარკინიგზო ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე, მაკარცევო-სედელნიკოვოს სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება ადგილობრივი დროით 09:02 საათზე შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით, სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 106 ადამიანი და 31 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. 54 დაუზიანებელი ვაგონი უსაფრთხო მანძილზე გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ავარიისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია