საფრანგეთში, ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბის შესასვლელთან, მიკროავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა 15 ოქტომბერს, საღამოს, ქალაქ კალეს მახლობლად, კოკელის სარკინიგზო ტერმინალში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილების მძღოლები გადაჰყავდა, როდესაც ის LeShuttle - ის მატარებელს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 200 მაშველი, პოლიციელი და სასწრაფო დახმარების თანამშრომელი. ორი დაშავებული ვერტმფრენით ლილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება სხვა კლინიკებში გაუწიეს.
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, მიუხედავად მძიმე ავარიისა, დაღუპულები არ არიან და დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტის გამო გვირაბში ავტომობილების გადაყვანის სერვისი დაახლოებით საათ-ნახევრით შეჩერდა. საერთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა არ შეფერხებულა.
ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.