ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში პენსიონერის მკვლელობისა და საცხოვრებელი სახლისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეზე დაკავებულ კაცს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ვერსიით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა დაზარალებულს საკუთარ სახლში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. უწყების ცნობით, დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანებაში ედება.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით უკვე მიმართა.