რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, სატვირთო მატარებლის 39 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.
შემთხვევა 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე, ეკატერინბურგის მახლობლად, მაკარცევო-სედელნიკოვოს სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 20 ვაგონის ლიანდაგიდან გადასვლის შესახებ, თუმცა მოგვიანებით რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ავარიაში 39 ვაგონი მოყვა.
შემთხვევის შედეგად შვიდ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 300-ზე მეტი ადამიანი და სპეციალური ტექნიკა ჩაერთო. ხანძარი 26 ოქტომბერს ჩააქრეს.
ავარიის გამო სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. აღნიშნულ მიმართულებაზე სამგზავრო მატარებლები არ მოძრაობენ.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისი სამსახურები მოკვლევას აწარმოებენ.