პაკისტანში, სინდის პროვინციის თარპარკარის რაიონში, სასწრაფო დახმარების ავტომობილში ჟანგბადის ბალონის აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა 28 ოქტომბერს, გვიან ღამით, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი პაციენტის სხვა საავადმყოფოში გადასაყვანად ემზადებოდა და სასწრაფო დახმარების მანქანაში ჟანგბადის ბალონს ამონტაჟებდა, როდესაც აფეთქება მოხდა. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

დაღუპულთა შორის არიან პაციენტები, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები და პაციენტების ახლობლები. გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ქალი პაციენტიც იყო.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მომხდარის დაუყოვნებლივი, გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა.

სამართალდამცველები აფეთქების ზუსტ გარემოებებს ადგენენ.