ყაზახეთის მოქალაქე უზბეკეთში ავტომობილის შესაძენად ჩავიდა, თუმცა ტაშკენტში, ავტომობილების ბაზრობისკენ მიმავალ გზაზე, კინაღამ 10 ათასი დოლარი დაკარგა. ფულის შეკვრა მას მეტროში ჩანთიდან გადმოუვარდა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია და გზა განაგრძო.
მეტროს ერთ-ერთ სადგურზე ძირს დავარდნილი ფულის დასტა ბავშვთან ერთად მყოფმა ქალმა შენიშნა. მან მეტროპოლიტენის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მოძებნა და შეკვრა გადასცა.
ყაზახეთის მოქალაქემ თანხის დაკარგვა მხოლოდ სერგელის ავტომობილების ბაზრობაზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინა. ამ დროისთვის პოლიცია ფულის მფლობელს უკვე ეძებდა.
სამართალდამცველებმა მამაკაცის პოვნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისა და სახის ამოცნობის სისტემის დახმარებით შეძლეს.
საბოლოოდ, დაკარგული 10 ათასი დოლარი პატრონს სრულად დაუბრუნდა.
ყაზახეთის მოქალაქემ დახმარებისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა, მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა კი მადლიერება გამოხატეს ქალის მიმართ, რომელმაც სხვისი ფულის მითვისების ნაცვლად, მისი პატრონისთვის დაბრუნება გადაწყვიტა.