პაკისტანის ჩრდილო - დასავლეთში, ქალაქ ფეშავარში, კერძო სკოლის სახურავი სასწავლო პროცესის დროს ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 32 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია.
შემთხვევა 15 ოქტომბერს, დილის საათებში, „ალ - ხაირის“ საგანმანათლებლო ცენტრში მოხდა. ზედა სართულის სახურავის ჩამონგრევის შედეგად შენობის ქვედა ნაწილიც დაზიანდა, სადაც გაკვეთილები მიმდინარეობდა.
დაშავებულია ათობით ადამიანი. მათ ნაწილს საავადმყოფოში მკურნალობენ. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობდნენ, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილი ბავშვების გადარჩენას ცდილობდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შენობას კონსტრუქციული პრობლემები ჰქონდა. სკოლის მფლობელი დაკავებულია, ხოლო მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.