იტალიის ქალაქ ბერგამოში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაშავდა ცხრა ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა 5 ოქტომბერს იტალიაში ლონგოს ქუჩაზე მოხდა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მეზობელ ქუჩებზეც გაიგონეს. შენობაში ჩაიმსხვრა ფანჯრები, დაზიანდა ბინები და სადარბაზო. ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად ეგონათ, რომ მიწისძვრა მოხდა.მოგვიანებით გაირკვა, რომ აფეთქება ერთ-ერთი ბინის სამზარეულოდან დაიწყო. ბინაში იმ დროს ცოლ - ქმარი იმყოფებოდა. ორივე მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა. მობინადრეები ცდილობდნენ გაერკვიათ, საიდან მოდიოდა სუნი, თუმცა მალევე ძლიერი აფეთქება მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ. უსაფრთხოების მიზნით შენობიდან დაახლოებით 50 ადამიანი გაიყვანეს. მათი ნაწილი ნათესავებთან დარჩა, ნაწილს კი დროებითი საცხოვრებელი ქალაქის ხელისუფლებამ გამოუყო.
გამოძიების დროს იმ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზის მილი გათიშული აღმოაჩინეს. სამართალდამცველები ადგენენ, რამ გამოიწვია გაზის დაგროვება და შემდგომი აფეთქება.
შენობა დროებით საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა. სპეციალისტები მის მდგომარეობას ამოწმებენ, რათა დადგინდეს, როდის შეძლებენ მოსახლეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.