ნეპალში, დედაქალაქ კატმანდუდან დაახლოებით 60 კილომეტრში, სამგზავრო მიკროავტობუსი მთის გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 12 ნოემბერს, დილით, მაკვანპურის რაიონში, ბჰიმფედის მუნიციპალიტეტთან მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მიკროავტობუსი კატმანდუდან სარლაჰის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც გზიდან გადავიდა და რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ფერდობზე ჩავარდა.
ავტომობილში სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მძღოლიც.
დაღუპულთა შორის ხუთი მამაკაცი, სამი ქალი და ორი არასრულწლოვანი გოგონაა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, არმიისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. დაშავებულები ჰეტაუდას საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Associated Press-ის ინფორმაციით, ტრანსპორტი დაახლოებით 700 მეტრის სიღრმეზე გადავარდა, თუმცა ადგილობრივი მედიის ნაწილში 500 მეტრია მითითებული.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს პოლიცია იძიებს.