ნეპალის დასავლეთ ნაწილში, გულმის რაიონში, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 26 ოქტომბერს მოხდა. SUV ტიპის ავტომობილი, რომელშიც ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, კალიგანდაკის გზიდან გადავარდა და დაახლოებით 250 მეტრის სიღრმეში ჩავარდა.

გავრცელებული ცნობით, ხუთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავარიის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მუშაობდნენ. სამართალდამცველები ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ გარემოებებს იკვლევენ.

ავარიის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.