ნეპალში, ევერესტის რეგიონში, ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 ნოემბერს, დილით, დაახლოებით 08:12 საათზე, სოფელ ფერიჩესთან მოხდა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 4 300 მეტრზე მდებარეობს.
ერთ-ერთი ვერტმფრენი ტურისტებს ემსახურებოდა, მეორე კი ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ხომალდები დაშვებისას ერთმანეთს შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 წლის ინდოეთის მოქალაქე. დაშავებულებს შორის არიან ახალი ზელანდიის მოქალაქე და ნეპალელი პილოტი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევასთან შესაძლოა კავშირი ჰქონოდა პილოტებს შორის კომუნიკაციის პრობლემას, თუმცა ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დადგენილა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.