ავიაკატასტროფა ჩამოლის რაიონში, ჯოშიმათის მახლობლად მოხდა.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია Trans Bharat Aviation-ის ვერტმფრენი ბადრინათის ვერტოდრომიდან აფრინდა და დეჰრადუნის მიმართულებით მიფრინავდა.

ჯოშიმათის ხეობის გადაკვეთისას ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. ამავე დროს ვერტმფრენი თვალთვალის სისტემიდანაც გაქრა.

მოგვიანებით სამაშველო ჯგუფებმა მისი ნამსხვრევები მთიან, ტყიან ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. დადასტურდა, რომ ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ სამხედროები, ადგილობრივი ადმინისტრაციისა და საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები. სამუშაოებს რთული რელიეფი და უამინდობა აფერხებდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის დროს რეგიონში ძლიერი ნალექი და შეზღუდული ხილვადობა ფიქსირდებოდა. თუმცა ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის.

შემთხვევის შემდეგ ავიაკომპანია Trans Bharat Aviation-ის ყველა ვერტმფრენის ექსპლუატაცია უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერდა.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა შემთხვევის შესასწავლად სპეციალისტები გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ უტარაქჰანდის მთიან რეგიონში ვერტმფრენებით ხშირად გადაჰყავთ მომლოცველები. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და მთიანი რელიეფის გამო ამ მარშრუტებზე ფრენების უსაფრთხოება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.