აშშ-ის ვისკონსინის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ექვსივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ზრდასრული და ერთი ბავშვი.

შემთხვევა 13 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:30 საათზე, დელონას დასახლების მახლობლად, ტყიან ტერიტორიაზე მოხდა.

Piper PA-46 ტიპის თვითმფრინავი ქალაქ კენოშადან მენომონის მიმართულებით მიფრინავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფამდე პილოტს საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურთან კავშირი ჰქონდა. გამომძიებლები სწავლობენ, შესაძლოა თუ არა მომხდარს უამინდობა უკავშირდებოდეს.

ავიაკატასტროფის მიზეზებს აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) იძიებენ.