ტაივანს ძლიერმა ტაიფუნმა „ჩამპიმ“ გადაუარა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 527 კი დაშავდა. სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, წააქცია ხეები და მნიშვნელოვნად შეაფერხა ავიამიმოსვლა.
Reuters-ის ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად 288 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, თუმცა მათ უმეტესობას ელექტრომომარაგება უკვე აღუდგა.
განსაკუთრებით ძლიერი ქარი ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. სანაპირო რაიონებში ქარის სიჩქარემ საათში 227 კილომეტრს მიაღწია. დაზიანდა შენობების სახურავები და ინფრასტრუქტურა.
სტიქიის გამო 24 ოქტომბერს 259 ავიარეისი გაუქმდა. წინა დღეს კი გაუქმებული რეისების რაოდენობა თითქმის 1 000-ს აღწევდა. ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში, მათ შორის დედაქალაქ ტაიბეიში, სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები მეორე დღეა დახურულია.
ტაივანის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტაიფუნი თანდათან სუსტდება და ჩინეთის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილდება. არსებული პროგნოზით, ის მოგვიანებით სამხრეთ იაპონიისკენ გადაინაცვლებს.
ჩინეთის ხელისუფლებამ მოსალოდნელი უამინდობის გამო სამაშველო სამსახურები მზადყოფნაში გადაიყვანა და სანაპირო რაიონებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.