ბელარუსის ქალაქ კობრინში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მაშველებმა გადაარჩინეს.

ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 23 ოქტომბერს, საღამოს, ტუხაჩევსკის ქუჩაზე გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს საცხოვრებელი სახლის სახურავი ცეცხლში გახვეული დახვდათ.

მაშველებმა შენობიდან სახლის მეპატრონე ქალი და მისი შვილიშვილი გამოიყვანეს. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს კვამლით მოწამვლის წინასწარი დიაგნოზით.

ხანძრის შედეგად დაიღუპა ქალის ვაჟი, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი.

ცეცხლის ჩაქრობაში ოთხი ერთეული სპეციალური ტექნიკა მონაწილეობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზსა და შემთხვევის გარემოებებს სპეციალისტები ადგენენ.